რა იწვევს მეხსიერების დარღვევას და როგორ გავიუმჯობესოთ ის სწორი კვებით

მეხსიერება გაცილებით მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოგვიდგენია. სწორედ მისი წყალობითაა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და მომავალსაც მისი დამსახურებით ვგეგმავთ. თუმცა, შესაძლოა, მეხსიერებამ გვიმტყუნოს, ამას კი გარკვეული პრობლემები მოჰყვება.
Sputnik
ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითების მიზეზი რაიმე დაავადება, ან ცხოვრების არაჯანსაღი წესია. მაგალითად, ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ძილის რეჟიმის დარღვევა და სხვ. მეხსიერების დარღვევის დროს ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია სრულფასოვანი კვება. როგორ შევინარჩუნოთ და გავიუმჯობესოთ მეხსიერება სწორი კვებით, ამ თემაზე ექიმმა რეზიდენტმა გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
გიორგი ღოღობერიძე
- მეხსიერების პრობლემები უამრავმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. მათი ნაწილი არ იკურნება, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მარტივი რჩევებით მოვაგვაროთ და მეხსიერება არა მარტო შევინარჩუნოთ, გავიუმჯობესოთ კიდეც.
ვიტამინი B12-ის ნაკლებობა
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტამინი B12 მნიშვნელოვანი ვიტამინია უშუალოდ ნერვული ქსოვილისთვის. ის სჭირდება ჩვენს ნეირონებს. მისი ნაკლებობის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს მეხსიერების მოშლა, ადამიანი ვეღარ იმახსოვრებს, ვეღარ იხსენებს. ასევე მას შეიძლება ჰქონდეს დაღლილობის განცდა, საერთო სისუსტე. ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი. ვიტამინ B12-ის ნაკლებობა ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია მეხსიერების მოშლის. როგორ მოვაგვაროთ, როგორ შევივსოთ ეს ვიტამინი? ძალიან მარტივი მიდგომაა – ჩვენ უნდა მივიღოთ ის საკვები, რომელიც შეიცავს ვიტამინ B12-ს. მას შეიცავს: ღვიძლი, ხორცი, კვერცხი, რძე – ცხოველური პროდუქტები. ამიტომ საჭიროა მივიღოთ დროულად, განსაკუთრებით, ასაკთან ერთად, რადგან 60 წელს ზემოთ ადამიანებს უჭირთ ამ ვიტამინის შეთვისება.
იოდის ნაკლებობა
გარდა ვიტამინ B12-ისა, მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს იოდის ნაკლებობითაც. როდესაც ჩვენს ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს და მისი აქტივობა ქვეითდება, ვითარდება დაავადება – ჰიპოთირეოზი. ეს დაავადება, როგორც წესი, გამოწვეულია ავტოიმუნური მექანიზმებით, მაგრამ ზოგჯერ მისი მიზეზი არის ის, რომ ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით იოდს. ამ დროს ვითარდება იოდდეფიციტური ჰიპოთირეოზი. ყველაზე კარგი გზა იოდის შესავსებად არის იოდიზებული მარილი. საკვების მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ არა ჩვეულებრივი მარილი, არამედ იოდიზებული. შეიძლება ასევე გამოვიყენოთ სხვა ალტერნატივები – შეიძლება ეს იყოს ზღვის პროდუქტები, მათ შორის, თევზი ტუნა.
ხელების ჰიგიენა
მძიმე მეტალებით მოწამვლა
მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე მეტალებითაც. მძიმე მეტალები ჩვენ გარშემო ძალიან ბევრია – ტყვია, დარიშხანი, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ქრომი და სხვ. მაგრამ ჩვენს რეალობაში ყველაზე მავნე, ახლა რაც არის გავრცელებული, არის ტყვია. იგი ყველგან არის – ნიადაგში, ჰაერში, სასმელში, საკვებში. თითქმის ყველგან გვხვდება ტყვია, მათ შორის, განსაკუთრებით, საღებავებში. ამიტომ იგი არის სერიოზული პრობლემა. ტყვია ჩვენს ორგანიზმში ძალიან მავნედ მოქმედებს ნეირონებზე და იწვევს მათ დაზიანებას, პირველ რიგში, მისი ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის მეხსიერების მოშლა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტყვიას თავი ავარიდოთ. როგორ? – ძალიან მარტივად: ყოველი კვების წინ ხელი უნდა დავიბანოთ. როდესაც ვეხებით რაღაცას, მასზე არსებული ტყვია ჩვენს კანზე ხვდება და მერე უკვე იქიდან ხვდება ჩვენს პირის ღრუში, ჩვენს სხეულში. ამიტომ ხელის დაბანა ძალიან კარგი პრევენციაა ტყვიით ინტოკსიკაციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნიადაგიდან აღებული პროდუქტების გარეცხვა და ისე მიღება. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ონკანს მოვუშვებთ, მაშინვე არ შევავსოთ ჭიქა წყლით, ცოტა ვადინოთ წყალი, იმიტომ რომ თუ ონკანის მილები ძველია და უშუალოდ ტყვიისგანაა ფორმირებული, ამ შემთხვევაში ტყვია დალექილია მასში და როგორც კი მოვუშვებთ, მაშინ ჩვენს ჭიქაში გროვდება და ვიღებთ დიდი რაოდენობით.
მითები კვების შესახებ: შაქარი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
მარტივი ნახშირწყლები
მარტივ ნახშირწყლებს შეუძლია მეხსიერების გაუარესება. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიღებთ მარტივ ნახშირწყლებს, გლუკოზის რაოდენობა სხეულში იზრდება, იზრდება ასევე სისხლის ტონურობა და საბოლოო ჯამში ეს მავნედ მუშაობს ნეირონებზე. გარდა ამისა, ხელი ეწყობა შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის განვითარებას ჭარბწონიანობასთან ერთად. მარტივ ნახშირწყლებზე უარის თქმით და მათი ჯანსაღი პროდუქტებით ჩანაცვლებით ჩვენ შეგვიძლია შევიმციროთ შაქრიანი დიაბეტის რისკი და მეხსიერების გაუარესების ალბათობა.
მოხუცებმა ალკოჰოლი უნდა დალიონ: ცნობილია მიზეზი და დოზა
ალკოჰოლი
მეხსიერების მოშლა შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლითაც. იგი გამოხატული ნეიროტოქსინია. მასზე უარის თქმით ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ მეხსიერება.
რატომ და როდიდან უნდა მისცეთ პატარას თევზი
თევზი
თუ ჩვენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი ვართ, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ნერვულ ქსოვილზე, მაშინ ყველაზე იდეალური საკვები შეიძლება იყოს თევზი. იგი უშუალოდ არის ტვინის საკვები. თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ჩვენი თავის ტვინის ქსოვილის რუხი ნივთიერების 60% ცხიმია და ამ ცხიმის უდიდესი ნაწილი არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. მათი მიღება შეიძლება სწორედ რომ თევზიდან. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა. ამიტომაც არის, რომ დეპრესიისა და მეხსიერების მოშლის დროს თევზი შეიძლება იდეალური საკვები იყოს. გარდა თევზისა, ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ალტერნატივები.
მოცვი და მისი სასარგებლო თვისებები
მოცვი
რა შეიძლება იყოს კიდევ კარგი საკვები უშუალოდ თავის ტვინის ქსოვილისთვის, რომ გავზარდოთ მეხსიერება? - ეს შეიძლება იყოს მოცვიც. ის შეიცავს ძალიან ბევრ ანთოციანს. ეს არის ანტიოქსიდანტი, ის იცავს ჩვენს ნეირონებს დაზიანებისგან. გარდა მოცვისა, შეიძლება იყოს გოგრის თესლი. მასში ძალიან ბევრი სასარგებლო მეტალია, მათ შორის, თუთია, რომელიც ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით და იცავს ჩვენს ნეირონებს დაზიანებისგან. ეს შეიძლება იყოს ასევე შავი შოკოლადი. მასში ძალიან ბევრი ფლავინოიდი, ანტიოქსიდანტია.
თუ თქვენს რაციონში ხშირად არის კვერცხი, ორგანიზმის ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებთ
კვერცხი
კიდევ ყველაზე კარგი საკვები შეიძლება იყოს კვერცხი. მასში ძალიან ბევრია B ჯგუფის ვიტამინები. ჩვენს ნერვულ სისტემას ყველაზე მეტად სჭირდება B ჯგუფის ვიტამინები. ეს შეიძლება იყოს B6, B9, B12, B1. ნებისმიერი B ჯგუფის ვიტამინი შეიძლება გამოადგეს ნერვულ ქსოვილს. ამიტომ ეს ყველა ვიტამინი უნდა მივიღოთ და მათი ყველაზე კარგი წყარო სწორედ რომ კვერცხია. იგი ასევე შეიცავს ქოლინსაც, რომელიც სჭირდება ჩვენს ნერვულ ქსოვილს, რათა წარმოქმნას მედიატორი ნეირონებს შორის ურთიერთობისთვის და ამ მედიატორს ჰქვია აცეტილქოლინი.