თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თბილისში განვითარებულ მეწყრულ ზონაში – მაჭავარიანის ქუჩაზე ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„მინდა გითხრათ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულდა. თქვენ იცით, რომ ამ პერიოდში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, შეიქმნა ე.წ. წინაღობები, გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორია საფრთხეს დიდი ხანია აღარ წარმოადგენს, ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამწვანება. ასევე დაგეგმილია ზედაპირული წყლების ასაცილებლად სადრენაჟე არხების მოწყობა.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები. 26 აგვისტოს მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგა. როგორც მაშინ მერიაში განაცხადეს, ამ რაიონს მეწყერი აღარ ემუქრება და იქ მოძრაობა უსაფრთხოა.