თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 და 46 წლის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ბრალდებით 30 წლის მამაკაცი ბათუმში დააკავეს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი და ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 5 ათასი ლარი.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 46 წლის მამაკაცს, ბრალდებული სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და თანხა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.