თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება.
ამის დასამტკიცებლად მან თავის Facebook-გვერდზე ატვირთა ავიაბილეთების ფოტოც. როგორც ირკვევა, შეძენილია ორი ბილეთი - თავად მიხეილ სააკაშვილის სახელზე, ასევე დედამისის - გიული ალასანიას სახელზე. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი დედასთან ერთად ისარგებლებს შეძენილი ავიაბილეთებით, 2 ოქტომბერს თბილისის დროით 23:05 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვიდან სამ საათში, ისინი თბილისში იქნებიან.
„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ყველამ თავისი ხმა უნდა დაიცვას.
„ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით“, - განაცხადა მან.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის კომფორტული იქნება ქართულ ციხეში ყოფნა, „სადაც მას ჰალსტუხების დიდ კოლექციას დაახვედრებენ“. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს და ჰალსტუხს ნერვულად ღეჭავს. ეს კადრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაპატიმრების არ ეშინია.
ქვეყანაში 2 ოქტომბერს თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.