თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გათვლებით, საქართველოში თავისი ნებით კიდევ შესაძლოა აიცრას 150-200 ათასი ადამიანი, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება აცრების ინტენსიფიკაციას.
„არსებობს პირდაპირი, როდესაც კანონით ავალებ, და არსებობს ასევე არაპირდაპირი მექანიზმი, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ამაზე არის სერიოზული მსჯელობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ის კვლავაც უჭერს მხარს პედაგოგების და ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას, რასთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას „მომავალი კვირების განმავლობაში“ მიიღებს.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას დღემდე ებრძვის. მართალია, შედარებით დაიკლო, მაგრამ ინფიცირების შემთხვევების საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი მაინც მაღალია.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში კი ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირდა.
28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.760.878 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 975.028 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 785.850 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27,5%. 27 სექტემბერს აიცრა 11.421 ადამიანი.
როგორც დღეს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, არის მოსახლეობის 80%-ის აცრა, რაც, ჩხაიძის თქმით, საქართველოსთვის „სრული ფანტასტიკაა“.