„აეროპორტიდან პირდაპირ ციხეში" – პრემიერი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს, რადგან მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ქვეყანას.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, იმავე წამს ციხეში მოხვდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
გუშინ ექს-პრეზიდენტმა საკუთარ Facebook-გვერდზე ავიაბილეთების ფოტო გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იგი დედასთან გიული ალასანიასთან ერთად თბილისში 2 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 23:05 საათზე ჩამოფრინდება.
პრემიერის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაციაა.
„მან მშვენივრად იცის, რომ ციხეში მოხვდება. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსია. მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნებაა, რაც არის მიუღწეველი ოცნება. ნებისმიერი პროვოკაციისთვის ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის ბოლომდე არ სჯერა.
„ეს ადამიანი უკვე რვა წელია იმუქრება და ვერ ჩამოდის, რადგან მშიშარა კაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა და მას დაიცავს, ისეთივე სიცრუეა, როგორც თავად იგი.
არჩევნები 2021
ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში – ადგილობრივი არჩევნების მთავარი მოვლენა?
ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს არ ჰყავს საკმაო რაოდენობის მომხრეები და თუ მას აეროპორტში დახვდებიან, ეს იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ და ისინი იქნებიან „ქართული ოცნების“ მომხრეები.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.