თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს - ამას ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები მოწმობს.
პირდაპირი ინტერვიუს გზით 10-19 სექტემბერს ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3,4%-ია.
გამოკითხვის თანახმად, კახა კალაძეს ხვალვე მზად არის დაუჭიროს მხარი ამომრჩეველთა 53,6%.
ამავე გამოკითხვით, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აგროვებს 27,7%-ს. მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია - 6,5%.
თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატების რეიტინგი ასე გამოიყურება:
გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) - 3,5%
ანა ბიბილაშვილი („ლელო“) - 3,5%
ანა დოლიძე („ხალხისთვის“) - 1,5%
სხვა კანდიდატები - ჯამში 3,7%.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატს თავის ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ერთმანეთს ყველაზე მაღალი შედეგების მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდება. თბილისის მერობისთვის ჯამში 16 კანდიდატი იბრძვის.