თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ერთ-ერთი პირველი დიქტორი ალექსანდრა მაჭავარიანი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
ალექსანდრა მაჭავარიანი საქართველოს პირველ მაუწყებლობას უძღვებოდა, რომელიც 1956 წელს ფუნიკულიორზე მდებარე ტელეხედვის სტუდიიდან ხორციელდებოდა.
წამყვანების რამდენიმეკვირიანი შერჩევის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანიდან მხოლოდ ორი დაამტკიცეს. მათ შორის იყო 19 წლის ალექსანდრა მაჭავარიანი, რომელიც 45 წელი ერთგულად ემსახურა თავის პროფესიას.
ალექსანდრა მაჭავარიანს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს მთაწმინდის პარკში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა.
„პირველმა არხმა“ მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: დავით სოკოლოვს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.
გუშინ 85 წლის ასაკში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.