თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენი თანამშრომელია აცრილი მათ სკოლაში, ასევე რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი კორონავირუსი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. თუმცა, მშობელს ისევ ექნება საშუალება, აირჩიოს – სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დირექტორებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ მათი სკოლის მოსწავლეთა მშობლების აცრის მაჩვენებელიც და მოუწოდონ მათ აცრისკენ.
„უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია, ბოლო დღეებში კი ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. როგორც რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.