COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა

ივანე ჩხაიძის განმარტებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ვაქცინირებული უნდა იყოს მოსახლეობის მინიმუმ 80%.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელმა დაიკლო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაა. საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.

„მარტივი არჩევანი გვაქვს – ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის იმ ეროვნული გეგმის მიზანი, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, თუმცა, 60%-იანი ზღვარი საკმარისი არ არის „დელტა“ შტამთან დაკავშირებული უფრო მეტი გავრცელებისა და მეტი აგრესიულობის გამო.
„მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. 80%-ის შემთხვევაში პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. 60%-იანი ზღვარიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე ქვეყანაში არსებული ვაქცინაციის ტემპით უკმაყოფილოა
28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.760.878 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 975.028 ადამიანი. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 785.850 ადამიანი. 27 სექტემბერს აიცრა 11.421 ადამიანი.