წესით, ახლა ჩვენ კარგ მეურნე ადამიანებს უნდა ვირჩევდეთ, რომელთაც უკეთ შეუძლიათ სოფლის გზების, წყაროების, ხოლო ქალაქში „საცობების“ პრობლემების გადაჭრა და მოწესრიგება. ამის ნაცვლად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქცა მთავარ პოლიტიკურ მოვლენად, რომელსაც წინ სუსიდან გამოჟონილი ფაილების სკანდალი უძღვის და რომელსაც, დიდი ალბათობით, 1-2 თვიანი აქციები, სასამართლო პროცესები და მიტინგები მაინც მოჰყვება. თუმცა აქაც ამინდი და COVID-19 ხელისუფლების მხარეზეა. ოქტომბერში ამინდები ცივია და წვიმიანი, ხალხი თუ არ აიცრა, ნოემბრის დასაწყისში ინფექციონისტები უკვე მეხუთე ტალღასა და მოვლენების დაძაბვას ელოდებიან. ასე რომ, დიდად სასიამოვნო პერსპექტივა აქციების მომხრეებს არ აქვთ.
თუმცა, შარლ მიშელის ხელშეკრულება და მასში დაფიქსირებული 43 პროცენტი, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ჩამოსვლა და გახარიას გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე კონკიას ჯადოსნურ სამ კაკალს ჰგავს, რომელიც ცვლილებებს რეალურს თუ არ ხდის, დაძაბულობას მაინც მატებს პროცესებს.
იმაზე, თუ როდის და სად ჩამოვა სააკაშვილი, ექსპერტები ბევრ ვერსიას გამოთქვამენ, მაგრამ სინამდვილეში რას აპირებს, ალბათ მხოლოდ მან იცის. ზღვით, ჰაერითა თუ ხმელეთით, მიშა იმ სამშობლოსკენ მოიწევს აგერ უკვე მეორე 9 წელია, რომლის მოქალაქეობაზეც ნებაყოფილობით თავად თქვა უარი. საერთაშორისო ძებნილია თუ დევნილი, ხელისუფლება მის დაკავებას და რუსთავის N12 დაწესებულებაში გაგზავნას აპირებს.
მეორე მხრივ, ყველას კარგად ახსოვს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ის „უკრაინულ მხარეს“ ეხვეწება – ეგ კაცი მანდ გყავდეთ, აქ არ გვინდაო. ხელისუფლებას რომ სააკაშვილის ჩამოსვლა რეალობა ჰგონია და ამისათვის საგანგებოდ ემზადება, ამას ისიც ცხადყოფს, რომ უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილი მეგის ქარდავა, რომელმაც, წესით, სისტემური დანაშაულის დაგეგმვაში ხელი ზემოთ, თავისი უფროსებისკენ უნდა გაიშვიროს.
ასევე ცხადად ახსოვს საზოგადოებას, როგორ შეიჭრა პოლონეთიდან სააკაშვილი უკრაინაში და რა სცენები ჩაატარა საკუთარი მომხრეებით გარემოცულმა. სწორედ ასეთი სცენარით ვარაუდობენ საქართველოში მის გამოჩენას, ახლა უკვე გაცილებით უფრო რეალურად.
ამ შემოდგომაზე სანახაობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არ მოგვაკლებს. ხელისუფლების მომხრეებმა წუხელ უკვე გაავრცელეს სააკაშვილის ბილეთის ასლი, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ მან ბორისპოლის აეროპორტიდან ბილეთი აიღო. თუმცა სულ ორიოდე კვირის წინ ასევე აიღო ბილეთი და როცა ის უკრაინის აეროპორტში შენიშნეს, ბევრი საქართველოში ელოდებოდა. შემდეგ კი გაირკვა, რომ ექს-პრეზიდენტი მეუღლე სანდრასთან და უმცროს ვაჟთან ერთად საბერძნეთს ეწვია და მშვენივრადაც დაისვენა.
აი, რას წერს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია:
„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში ნებისმიერი ვერსიით 1. ჩამოდის და იჭერენ 2. არ უშვებენ ქვეყანაში – არის ხელისუფლების მარცხი და ოპოზიციის გამარჯვება“.
სხვათა შორის, ასეთი რადიკალურები სწორედ ის დეპუტატები არიან, ვინც ჯერ „ქართული ოცნების“, შემდეგ კი სააკაშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში.
საგულისხმოა ისიც, რომ სააკაშვილი 2 ოქტომბერს, საღამოს 19:20 საათზე აპირებს დედასთან ერთად თურმე საქართველოში გამოფრენას. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპოზიცია მართლაც არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება.
თუმცა თუ მისი მომხრეები ყიჟინას სცემენ და უხარიათ მიშას ბილეთი, ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯავშანი საიტზე საერთოდ არ იძებნება და სააკაშვილი კიდევ ერთხელ აპამპულავებს მის მომლოდინე საზოგადოებას.
გაზეთ „ალიას“ ვერსიით კი, სააკაშვილი თურქეთის მხრიდან მოადგება 2 ოქტომბერს საქართველოს საზღვარს და რამდენიმედღიან დაძაბულობას შექმნის.
როგორც არ უნდა იმოქმედოს მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტია, რომ ამდენი ჩამოსვლის დაანონსებით და მერე უკან დახევით საკუთარ სიტყვას ძალიან დაუკარგა ფასი. ამავე დროს ამ არჩევნებზე ჩნდება რეალური შანსი, რომ მისი პარტიის, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, გიორგი გახარიამ მიისაკუთროს, თუ მოულოდნელად იმაზე მაღალი შედეგი აჩვენა, ვიდრე სოციოლოგიური კვლევებით ჩანს. ასეა თუ ისე, 2 ოქტომბრის არჩევნებზე საინტერესო სანახაობა გველოდება...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას