COVID-19 - ბოლო ცნობები

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

რთული ეპიდვითარების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ორშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ასევე 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში. ამ დრომდე, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საბავშვო ბაღების ფუნქციონირება 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო.
ჩხენკელის განცხადებით, მშობელს ისევ ექნება საშუალება აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი მასწავლებელი აიცრა საქართველოში
სიახლეა კიდევ ის, რომ პირბადის ტარება აუცილებელი ხდება უმცროსკლასელებისთვისაც. აქამდე ეს მხოლოდ მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის იყო სავალდებულო.

მინისტრის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.