პრემიერის ინიციატივა: თბილისი, როგორც ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკებების პლატფორმა

საქართველოს პრემიერი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ბაქოსა და ერევანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო მზად არის დაეხმაროს თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში>>
მან აღნიშნა, რომ საქართველომ ივნისში ხელი შეუწყო დაკავებული 15 სომეხი ჯარისკაცის გათავისუფლებას, ასევე აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დანაღმული ველების რუკის გადაცემას.

„ეს ინიციატივა უკავშირდება ამ პროცესის გაგრძელებას უფრო მაღალ დონეზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს, აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას, ამ პლატფორმას, რომლის შექმნასაც ვაპირებთ ახლა თბილისში, რათა უფრო პერმანენტული, მუდმივი ფორმა და ხასიათი შეიძინოს აღნიშნულმა ინიციატივამ“, – განაცხადა პრემიერმა.

24 სექტემბერს ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამოდის წინადადებით – შეიქმნას „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.