თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. აცრილი მოქალაქეებისთვის დაწესებული ყოველკვირეული ლატარიის მეორე ნაკადის გამარჯვებული გახდა თბილისის მცხოვრები, რომელიც Sinopharm-ით არის აცრილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გარდა ამისა, სამმა ადამიანმა მოიგო 5-5 ათასი ლარი, ოთხმა – 1,5-1,5 ათასი ლარი და ცხრამ – ათას-ათასი ლარი.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ლატარიის გამარჯვებული 2.274 ადამიანი გახდა. მოგებული თანხის საერთო ფონდი დღეისათვის 360.400 ლარია.
ლატარიის კომპანია ყოველდღიურად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათამაშებს ფულად ჯილდოს აცრილი მოქალაქეებისთვის. საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მილიონ ლარს შეადგენს.
გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო გათამაშდება. წლის ბოლოს გაიმართება ფინალური გათამაშება, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს.
გათამაშებაში საქართველოს ყველა აცრილი მოქალაქე მონაწილეობს. პირველივე დოზით აცრისას მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება დაავადებათა კონტროლის ცენტრის უნიკალური კოდი, რომელიც მონაწილეობს ლატარიაში. ლატარიის კომპანიას ამ ბაზაზე ხელი მიუწვდება. გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვლინდებიან.