COVID-19 - ბოლო ცნობები

რაზეა დამოკიდებული მეხუთე ტალღის დაწყება საქართველოში

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და გააქტიურებაა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყება რესპირატორული ვირუსების სეზონზე იქნება დამოკიდებული – თუ რამდენად აქტიური იქნება გრიპის სეზონი წელს, 2020 წელთან შედარებით, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, რაც ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

„სამწუხაროდ, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ძალიან დაბალი – 43%, რაც დაუშვებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, თუ ოქტომბერსა და ნოემბერში მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, მაშინ მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება.
„მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია რესპირატორული ვირუსების სეზონზე – წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ უფრო აქტიური. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება", – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე ქვეყანაშია
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი ახლა ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და მეტად გააქტიურებაა.
26 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.742.547 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 970.307 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 772.240 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 27%. 25 სექტემბერს აიცრა 12.402 ადამიანი.