თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კვლავ მოუწოდა ქვეყნებს, წლის ბოლომდე დაიცვან მორატორიუმი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ლიონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„მოგეხსენებათ, ჯანმოს პოლიტიკა ითვალისწინებს წლის ბოლომდე მორატორიუმს ბუსტერულ დოზებზე. რა თქმა უნდა, ბუსტერული დოზები შეიძლება გამოუყონ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, მორატორიუმი წლის ბოლომდე ამ გამონაკლისით იქნას დაცული“, - განაცხადა მან.
ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც აკრიტიკებს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივ რევაქცინაციას. ნაშრომის ავტორები არიან სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები, მათ შორის ჯანმოს წარმომადგენლები - უფროსი მეცნიერ მუშაკი სუმია სვაინატანი და ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.
ნაადრევი რევაქცინაციის საფრთხე უკავშირდება როგორც ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ პრეპარატებს, ისე რნმ-ვაქცინებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბუსტერის ზედმეტად ხშირმა ან ნაადრევმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიტი (საუბარია რნმ-ვაქცინებზე, ანუ Pfizer-სა და Moderna-ზე) ან გიენ-ბარეს სინდრომი ( ამ შემთხვევაში საუბარია ადენოვირუსის საფუძველზე შექმნილ ვაქცინებზე, მათ შორის AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ზე)
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რევაქცინაციამ, რომელიც არ ემყარება საიმედო მონაცემებსა და ანალიზს, შესაძლოა შეამციროს ნდობა ვაქცინების მიმართ და პირველადი ვაქცინაციით მიღებული ეფექტი.