თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 25,7%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იგებს, ამაზე მეტყველებს ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, იუწყება РИА Новости.
არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება გერმანიის ახალი მთავრობა ახალი კანცლერის ხელმძღვანელობით. ახალი კანცლერის დანიშვნის შემდეგ ანგელა მერკელი თანამდებობას დატოვებს.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკი ხმების 24,1%-ით მეორე ადგილზეა.
ამასთან, პარტია „მემარცხენეები“ პარტიული სიებით ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ ლახავს.
მესამე ადგილს იკავებს „მწვანეები“ – 14,8%, მეოთხე ადგილზეა თავისუფალი დემოკრატიული პარტია 11,5%-ით, მეხუთე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10,3%-ით.
გერმანიის პარლამენტი – ბუნდესტაგი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. კონსტიტუციის თანახმად, ბუნდესტაგის წევრები იღებენ კანონებს, ირჩევენ ფედერალურ კანცლერს, აკონტროლებენ მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას, ამტკიცებენ ფედერალურ ბიუჯეტს.
ბუნდესტაგი ოთხი წლის ვადით საყოველთაო, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნებით ფარული კენჭისყრის შედეგად ირჩევა.
გერმანიის ტერიტორია დაყოფილია 299 ერთმანდატიან ოლქად, საიდანაც ბუნდესტაგში თითო დეპუტატი აირჩევა.
პარტიული სიებით კენჭისყრა 16 მრავალმანდატიან ოლქში ჩატარდა. თითოეული ფედერალური მიწა წარმოადგენს ცალკეულ მრავალმანდატიან ოლქს, საიდანაც ფედერალური მიწის მოსახლეობის მიხედვით დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა ირჩევა.