ექს-პრემიერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის გამოძიებას ითხოვს

ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოითხოვს, რომ პროკურატურამ პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკოსები, რომლებაც მას ცილი დასწამეს.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაიწყოს გამოძიება მის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.
კობახიძემ ბოლო დროს რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მიუთითა. მასმედიისთვის ერთ-ერთ კომენტარში მან გახარიას „კოკაინშჩიკი“ უწოდა. სწორედ ეს ბრალდებები გახდა საფუძველი იმისა, რომ გახარიამ პროკურატურას მიმართა.
გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა
შესაბამის ორგანოში დოკუმენტები პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა, გახარიას თანამებრძოლებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. გახარიას პარტია კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას და მის დაკითხვას მოითხოვს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ დადასტურდება – კობახიძის პასუხისგებაში მიცემას ცილისწამებისთვის.

„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რომელსაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძისგან გიორგი გახარიასთან დაკავშირებით... როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაუშვილმა.

„დაამტკიცე!..“
გახარიას პროკურატურისადმი მიმართვის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებების ადრესატმა თავად უნდა დაამტკიცოს, რომ ნარკომანი არ არის.
„მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გახარიამ ნარკოტიკებზე ტესტირების პასუხები 18 სექტემბერს გამოაქვეყნა. ექსპერტიზის თანახმად, პოლიტიკოსის სისხლში აკრძალული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS 2021 წლის14 სექტემბერს. გახარიამ ტესტი ავსტრიაში იმიტომ ჩაიტარა, რომ, როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება მის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდა.
ნარკოტიკებზე ტესტირების გავლის ინიციატივით სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე გამოვიდა.
„სუფთა ვარ": კალაძემ ნარკოტესტის პასუხი გაასაჯაროვა
თუმცა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ნარკოტიკებზე ჯერ კიდევ 6 სექტემბერს ჩააბარა, თავისი შედეგები არ გამოუქვეყნებია. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ტესტს არაფერი გამოუვლენია.
კალაძის ინიციატივას დანარჩენმა კანდიდატებმა მხარი არ დაუჭირეს.