თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება, განაცხადა კარასინმა РИА Новости-სთან საუბრისას.
„პრაქტიკულ საკითხებს სამუშაო რეჟიმში ტელეფონით ვათანხმებთ, ზოგჯერ ონლაინ–კონფერენციებს ვაწყობთ, შეიძლება პირისპირ შეხვედრა შევძლოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ოქტომბრის მეორე ნახევარში მოხდეს. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი შეხვედრის ადგილი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა კარასინმა.
როგორც კარასინმა აღნიშნა, შეხვედრაზე იმსჯელებენ „ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ორივე მხარეს, თუმცა მთავარი საკითხი იქნება კიდევ უფრო განვითარება ორმხრივი ურთიერთობების – ტრანსპორტი, ეკონომიკა, ადამიანებს შორის კონტაქტი და ა.შ.“
ამასთან, კითხვაზე, იგეგმება თუ არა შეხვედრაზე საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე რუსეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მსჯელობა, მან აღნიშნა, რომ „დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, იქნება სტრატეგიული გეგმის მასშტაბური საკითხები“.
რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კარასინმა განაცხადა, რომ ყოველივე დამოკიდებული იქნება შექმნილ ვითარებაზე.
ადრე საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მზადაა გრიგორი კარასინთან სასაუბროდ ოქტომბრის დასაწყისში, მათ შორის, ავიაკავშირის აღდგენის საკითხზეც.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აგრეთვე ამოქმედდა პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი რეგულარულად განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება.
პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული.