COVID-19 - ბოლო ცნობები

„კარგი ამბები გვაქვს“: თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

თინა ხიდაშელმა კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ დააღწია თავი. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება.
Sputnik
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოკვლევებზე კვლავ იმყოფება გერმანიაში, სადაც მას მისი მეუღლე დავით უსუფაშვილი ახლავს. ამის შესახებ „ფეისბუქზე” მან თავად დაწერა. ყოფილი მინისტრი თავის მეგობრებს სასიხარულო ამბავს უზიარებს. მისი თქმით, ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ის სიარულს დამოუკიდებლად შეძლებს.
„ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო, აღდგა. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვან სიარულს შევძლებ. რა თქმა უნდა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი“, - წერს თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, გერმანიაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.
როგორც თინა ხიდაშელი წერს, ავადმყოფობის გამო საქართველოში საარჩევნო პროცესს გამოეთიშა, მაგრამ გერმანიაში დღეს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს და „ლიბერალების ღონისძიებებს“ დაესწრო.
თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.