გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე ლიდერობენ სოციალ-დემოკრატები - ეგზიტპოლების მონაცემები

ბუნდესტაგის არჩევნებზე ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ბუნდესტაგის არჩევნებში ლიდერობს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია 25,9%-ით, მეორე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ბლოკი 24,5%-ით, „კავშირი 90/მწვანეები“ მესამე ადგილზეა 14,1%-ით, იუწყება ტელეარხი ZDF შედეგების საკუთარ პროგნოზზე დაყრდნობით.
კვირას გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. 26 სექტემბრის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მორიგი ოთხწლიანი ვადით დაკომპლექტდება მთავრობა და დასახლედება კანცლერი, რომელიც 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ანგელა მერკელის შეცვლის.
მეოთხე ადგილს იკავებს თავისუფალი დემოკრატიული პარტია 11,7%-ით, „ალტერნატივა გერმანიისთვის" მეხუთეა 10,6%-ით. მემარცხენეების პარტია ძლივს ლახავს ბუნდესტაგში გამსვლელ 5%-იან ბარიერს - ტელეარხი მას ზუსტად 5%-ს უწინასწარმეტყველებს.
ტელეარხ ARD-ს ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 25,7% და გერმანელი კონსერვატორების პარტია CDU/CSU - 24,5% - მცირე სხვაობით ლიდერობენ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში.
გარდა ამისა, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: წინასწარი მონაცემებით, პარტია „კავშირი 90/მწვანეები“ მესამე ადგილზეა 14,3%-ით, ლიბერალები თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან (FDP) - 11,5%, მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - 10,5% და „მემარცხენეები“ - 5%.
2017 წელს ბუნდესტაგის არჩევნებში CDU–მ მიიღო 26,8%, CSU-მ - 6,2% (ჯამში CDU/CSU - 33%), SPD – 20,5%, „ალტერნატივა გერმანიისთვის" – 12,6%, FDP - 10,7%, „მემარცხენეები“ – 9,2%, „მწვანეები“ – 8,9%.