ბათუმსა და ქობულეთს ახალი ავტობუსები შეემატა

უწყების ინფორმაციით, მომდევნო ორ წელიწადში ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და ახალი ავტობუსების რაოდენობაც გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკი 44 ახალი ავტობუსით შეივსო, ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული Isuzu-ს მარკის 40 ავტობუსი უკვე ბათუმშია. ახალი ავტობუსები ქალაქს ხვალიდან მოემსახურება. ოთხი ავტობუსი კი ქობულეთის მოსახლეობას მოემსახურება.
როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
Isuzu-ს მარკის ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.
„ევრო 5 სტანდარტი+“-ს, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი ათმეტრიანია და 63 მგზავრზეა გათვლილი. ხოლო, „ევრო 6 სტანდარტის“, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება.
უწყების ცნობით, ბათუმში სრულდება ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავება, ასევე იგეგმება შუქნიშნების განახლება. ქალაქში უკვე დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები. მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები.
გასულ წელს ბათუმის მერიამ რვა ახალი ელექტროავტობუსი შეისყიდა.