თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. იმუნიზაციის მასობრივი კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მობილური ამცრელი ჯგუფები კახეთში ჩავიდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
კახეთის სოფლებში ამცრელ ჯგუფებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდა. სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა.
ამირან გამყრელიძესთან ერთად მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
„დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სტუმრობს სოფელ ყარაჯალას, რომელიც ერთ-ერთი დიდი სოფელია თელავის რაიონში და დასახლებული ეთნიკური უმცირესობით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სწორი ინფორმაციის მიტანა. ის ინფორმაცია, რომ აქ მდებარე სკოლის თითქმის 60% აცრილია, უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო პროცესის დასაწყებად“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა გქონდათ არჩევანი გაეკეთებინათ Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის. აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გართულება არც ერთი მოქალაქის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
ამირან გამყრელიძემ ადრე არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად აუცილებელია ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რათა ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტში მოქალაქეები ვაქცინის სარგებლობა ირწმუნინ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.729.672 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 967.441 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 34,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 762.231 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,7%.
24 სექტემბერს აიცრა 13.580 ადამიანი, აქედან თბილისში - 497 ადამიანი, იმერეთში - 278, კახეთში - 220.