თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქვეყანაში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების 65% ვაქცინირებულია, ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე ბოლო ორ თვეში გაიზარდა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოში მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში. ამასთან, სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს.
საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია, ბოლო დღეებში კი ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია. როგორც რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.729.672 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 967.441 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 34,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 762.231 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 26,7%. 24 სექტემბერს აიცრა 13.580 ადამიანი.