ქართველი ძიუდოისტი ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირის გამარჯვებულია

ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა.
მანამდე გრიგალაშვილმა მოუგო ნიკონ ზაბროსკიუს (მოლდოვა), ბაპტისტა პიერას (საფრანგეთი), ხოლო ნახევარფინალში ჯიმ ჰეიმანსს (ნიდერლანდები) სძლია.
ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დააგროვა და თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტების სიის პირველი ნომერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის გრიგალაშვილისთვის ეს უკვე მეორე გამარჯვებაა გრან-პრის სერიის ტურნირებზე. ორი წლის წინ ქართველი სპორტსმენი იყო უძლიერესი ბუდაპეშტში.
26 სექტემბერს ზაგრების გრან-პრიზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - ლუკა მაისურაძე, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში წარდგება.