მოგლეჯილი სახურავები და ხეები: სტიქიამ ხობში პრობლემები შექმნა

უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული.
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ძლიერმა ქარმა 12 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, წააქცია ხეები, დააზიანა სავარგულები, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მახარე ჩოკორაიამ.
სოფელში ძლიერ ქარს წვიმა მოჰყვა. დაზარალებული მოსახლეობა შიშობდა, რომ მათი ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განადგურდებოდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები.
ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში უკვე აღარ წვიმს. უსახურავოდ დარჩენილი სახლების მცხოვრებლები უკვე სხვადასხვა ოჯახებში არიან გადანაწილებული. მათ სახლებს დროებით ბრეზენტი გადააფარეს, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთები ცელოფნებით შეფუთეს.
„უკვე შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის და მოსახლეობას გაეწევა შესაბამისი დახმარება“, - აღნიშნა მახარე ჩიკორაიამ.
ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები.
კომისია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.