თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ხერხემალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
აღნიშნული ინფორმაცია ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ დაადასტურა, რომელმაც ბრალდებულის ჯანმრთელობის გართულების შესახებ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. თუ რომელ კლინიკაში ჩაუტარდა ზვიადაურს ოპერაცია, ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება.
ოლიმპიური ჩემპიონი კახეთში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელოდება.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა.
ამ ოთხიდან ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით დგინდება, რომ დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილიც სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატების ვერსიით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.