ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვება და ერთი ნაბიჯი წარმატებამდე

სექტემბრის ბაშოს მე-13 დღეს ლევან გორგაძემ უვატენაგეს ილეთით კაგაიაკი დაამარცხა. ტოჩინოშინი შემდეგ ორთაბრძოლას კირიბაიამასთან გამართავს.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძემ, რომელიც მიმდინარე აკი ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-13 დღეს კაგაიაკის დამარცხება შეძლო. პირველი დაჯახების შემდეგ ტოჩინოშინის მეტოქემ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ქართველმა სუმოისტმა წონასწორობის შენარჩუნება მოახერხა. საბოლოოდ ლევან გორგაძემ მეტოქეს ულამაზესი გდება (უვატენაგე) შეუსრულა და აკი ბაშოზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი კარგ ფორმაშია – ქართველმა სუმოისტმა დღესაც მოიგო
სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და ექვსი მარცხია, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ტოჩინოშინს დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთი გამარჯვება სჭირდება. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას მეორე მაეგაშირა კირიბაიამასთან გამართავს.