ლაშქარავას საქმე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს-ს მუშაობაში დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერს არ ჰქონია კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად მიიჩნევს „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას.
ამის შესახებ ნათქვამია უწყების განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით 2 ათასი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულება – 500 ლარით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შსს-ს ბრიფინგების დროს გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ლაშქარავას გადაადგილებას ასახავს, „არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი“.
5 ივლისის მოვლენები: რას მოითხოვს სახალხო დამცველი პროკურატურისგან
ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული არც ერთი ჩანაწერი არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზების შესახებ, ამასთან, ბრიფინგებზე არ იყო განმარტებული აღნიშნული ჩანაწერების კავშირი ლაშქარავასთან, გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი შეფასდა, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევა.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 12 ივლისის ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ჩანაწერი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოიპოვა.
კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ აუდიო-ვიდეოჩანაწერი სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვებულ იქნა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
აღნიშნულ აუდიო-ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი.
გამოძიება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე: შსს-მ ვიდეოკადრები გაავრცელა
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (მონაცემთა დამუშავების საფუძვლების) დარღვევა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ასევე დაადგინა, რომ ინტერნეტში გავრცელებული მონაცემები ლაშქარავას შესახებ იდენტურია შსს-ს მონაცემთა ბაზაში (info.pol.ge) არსებული მონაცემებისა.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები მეტყველებს საქართველოს შსს-ს თანამშრომლის (თანამშრომლების) მხრიდან ლაშქარავას პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ფაქტზე, აღნიშნულია განცხადებაში.
ლაშქარავას გარდაცვალება
ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ექვსი დღის მერე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა.
შსს ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაცვალებამდე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას არ დაელოდა, განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზით გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ლაშქარავა აქციაზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.