ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეას შიმშილის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

რუს დიპლომატს დაუშვებლად მიაჩნია, რომ ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მილიონობით ადამიანი შიმშილით იღუპება.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს სურსათის სისტემების სამიტისადმი საკუთარ ვიდეომიმართვაში შიმშილის პრობლემას შეეხო.
მინისტრის თქმით, ამ კუთხით ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს სტიქიური უბედურებებისა და კონფლიქტების რიცხვისა და მასშტაბების ზრდა, COVID-19-ის პანდემია, შეზღუდვების დაწესება ვაჭრობის სფეროში.

„რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად უჭერს მხარს შიმშილის პრობლემის მოგვარებას და არასრულფასოვანი კვების ყველა ფორმის ლიკვიდაციას. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მილიონობით ადამიანი მსოფლიოში კვლავ იტანჯება და იღუპება შიმშილისა და დაავადებებისგან“, – აღნიშნა ლავროვმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთი მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან ერთად ახორციელებს სკოლაში კვების პროექტების სერიას, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღემატება.