COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმოს ექსპერტმა საქართველოს 12 კლინიკაში კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პრაქტიკა შეისწავლა

ინსპექტირების შემდეგ ჯანმოს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში კოვიდ-პაციენტების მკურნალობა საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტმა კნუტ ტაქსბომ საქართველოს 12 ყველაზე დიდი კოვიდ-კლინიკა მოინახულა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესი შეისწავლა, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ჯანმოს ექსპერტთან ერთად საქარველოში ასევე ჩამოვიდა ინფექციის კონტროლის სპეციალისტი. მათ 10 დღის განმავლობაში ქვეყნის კოვიდ-კლინიკების მუშაობა შეისწავლეს.
ვიზიტის ფარგლებში კნუტ ტაქსბომ ტრენინგები კოვიდ-კლინიკების მედპერსონალსაც ჩაუტარა.

„ვიზიტის მიზანი იყო შემესწავლა მძიმე კოვიდ-პაციენტების მართვა და მენეჯმენტი. შეფასების შედეგად, ძალიან ბევრი დადებითი მხარე გამოიკვეთა, თუმცა, როგორც ყველა სისტემაში, აქაც არის გაუმჯობესების შესაძლებლობები. მედპერსონალის მხრიდან დაფიქსირდა ძალიან დიდი ინტერესი და მზადყოფნა ცვლილებებისა და განვითარების მიმართ. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ინტენსიურ თერაპიას საკმაოდ წარმატებული მომავალი აქვს“, – აღნიშნა კნუტ ტაქსბომ.

ჯანმოს ექსპერტთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს რეანიმაციულ განყოფილებებში გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად.
„ექსპერტმა აღნიშნა, რომ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომლითაც კლინიკები მუშაობენ, არის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ასევე პაციენტების მართვისთვის სრულადაა მობილიზებული როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე ის რესურსი, რომელიც საჭიროა ადეკვატური და კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, რეანიმაციულ განყოფილებებში მომავალშიც გაგრძელდება ტრენინგების პროგრამა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა, რათა კლინიკური შედეგები გაუმჯობესდეს და მინიმუმამდე დავიდეს გარდაცვალების შემთხვევები.