თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს–ში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ხელმძღვანელი ამავე დაწესებულების თანამშრომელთან ერთად, სისტემატურად ახორციელებდა საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას.
ბოოტმოქმედები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ. კაფეში ტურისტებთან ე.წ. ,,პრომო–გოგონებ“ მიჰყავდათ, რომლებიც კლიენტთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ დიდი რაოდენობის ძვირადღირებულ სასმელს და საკვებს, რომელიც რეალურად არ მიჰქონდათ მომხმარებელთან.
გარდა ამისა, ანგარიშსწორებისას სტუმარს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდას აიძულებდნენ.
ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილ 7.738 ლარს.
ამასთან, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს კაფეში მყოფი ჩინეთის მოქალაქის სიმთვრალით და მისი საბანკო პლასტიკური ბარათების გამოყენებით მოტყუებით დაეუფლნენ 15 ათას ლარს.
დაკავებულებს ბრალდება სსკ–ის ორი მუხლით – „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა“ და „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება“ წარედგინათ, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.
საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.