ფსიქოლოგების აზრით, მშობლების მხრიდან ამ პრობლემის დასაძლევად დიდი თანადგომა, მოთმინება და ნებისყოფაა საჭირო.
„Sputnik-საქართველოს" საშუალებით მშობლებს საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაციებს უზიარებს ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე. მისი რჩევების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, მშობლები უმტკივნეულოდ დაეხმარებიან არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციაში.
მარიამ შოვნაძე
© courtesy of Mariam Shovnadze
– რა გავლენას ახდენს ზაფხულის არდადეგები ბავშვის დამოკიდებულებაზე სწავლის მიმართ?
— პირველ რიგში, გავიხსენოთ, ჩვენ, მშობლებს, ზრდასრულებს როგორ გვიჭირს შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება და აქტიურ სამუშაო პროცესებში ჩართვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ წარმოადგენს ბავშვისთვის სირთულეს საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება. ხშირად მშობლები ასეთ არგუმენტს იყენებენ — ის ხომ პირველად არ მიდის სკოლაში, მისთვის ხომ ნაცნობია გარემო, კლასელები და მასწავლებლები. მაგრამ თუ გავიხსენებთ, ჩვენ, ზრდასრულებსაც როგორ გვიჭირს შვებულებიდან ნაცნობ სამსახურში დაბრუნება, ეს არგუმენტიც მაშინვე ძალას კარგავს.
ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვის ახალი ეტაპია, რასაც თან ახლავს ბევრი სირთულე და ის ადაპტაციას საჭიროებს.
– რა დროა საჭირო ადაპტაციისთვის?
— თითოეული მოსწავლე ინდივიდია და დროის პერიოდი დამოკიდებულია მოსწავლის როგორც ბიოლოგიურ, ასევე სოციალურ ფაქტორებზე. შესაძლებელია საშუალო და უფროსკლასელებთან დაახლოებითი დრო ვთქვათ — ეს ორი კვირიდან ერთ თვემდე მერყეობს. საშუალო და უფროსკლასელებთან ადაპტაციის პროცესში ვაწყდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა კონცენტრაციის, მეხსიერების პრობლემები, გაღიზიანება, შფოთვა და ა.შ.
– როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
— შევთანხმდეთ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას მოსწავლეს მშობლებისგან ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა სჭირდება, რათა ადაპტაციის პერიოდი წარმატებით გაიაროს. ადაპტაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად კი მშობლების დრო, ემპათიურობა და მოთმინებაა საჭირო.
ნუ ესაუბრებით ბავშვს ჯერ კიდევ დასვენების პერიოდში სასკოლო პროცესებთან, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, როგორ არ მოგვწონს შვებულების დროს სამსახურზე და სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებზე საუბარი.
სწორად შევარჩიოთ მოტივატორები და ისე გავცეთ დაპირებები. ახალი ნივთის ყიდვის დაპირებით ნუ დააძალებთ მოგცეთ პირობა, რომ კარგად ისწავლის.
მაქსიმალურად შეეცადეთ დაისვენოს, ამავდროულად ნუ გაახსენებთ, როგორ ვერ მიიღო მათემატიკაში 10 ქულა, ახლა ხომ ყველა საგანში ათიანი ეყოლებოდა, და როგორ არ დაიმსახურა მთაში დასვენება, მაგრამ შემდეგი წელი წინ არის, ახლა ყველა საგანში უმაღლესი ქულა უნდა ჰქონდეს.
თუ ბავშვი ნეგატიურ ემოციებს ავლენს სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოუსმინეთ, უთხარით, რომ მისი გესმით, მოუყევით თქვენც როგორ გიჭირთ დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება, მაგრამ ეს პროცესია და ჩვენ ასე ვიზრდებით, როგორც ინდივიდები.
არდადეგების განმავლობაში ნუ აიძულებთ მეცადინეობას, შეადგინეთ ერთად გეგმა, თუ რას გააკეთებთ. მიეცით თავისუფლება გაგიზიაროთ იდეები, თუ რის გაკეთება სურს, ასევე თქვენც გაუზიარეთ და ერთად შექმენით ზაფხულის გეგმა.
დამეთანხმებით, რომ არდადეგების პერიოდის რეჟიმი სრულიად განსხვავდება სასკოლო რეჟიმისგან. იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს – მარტივად გადაერთოს ერთი რეჟიმიდან მეორეზე, სკოლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ეტაპობრივად შევცვალოთ რეჟიმი. მაგალითად, გავაღვიძოთ იმ დროს, როდესაც სკოლის პერიოდში უნდა გაიღვიძოს.
სკოლის პირველივე კვირაში ნუ მოვთხოვთ ბავშვს უმაღლესი ქულების მიღებას და ასევე სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ნუ ვკითხავთ, რა ქულა მიიღო. ვკითხოთ, თუ როგორ ჩაიარა მისმა დღემ, რა მოლოდინები ჰქონდა და რა შეიცვალა, თქვენც მოუყევით და გაუზიარეთ, როგორი იყო თქვენთვის პირველი სამუშაო დღე.
მოუსმინეთ თქვენს შვილს, იცოდეს, რომ თქვენ მისი გესმით და მზად ხართ დაეხმაროთ. მშობლების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ახალი სასწავლო წლის დაწყებისას.