სტიქია ქობულეთში – უხვმა ნალექმა და მეწყერმა სერიოზული პრობლემები შექმნა

ქობულეთში ძლიერმა წვიმებმა დააზიანა და ჩაკეტა საავტომობილო გზები. უხვი ნალექის გამო დაზარალებული რამდენიმე ოჯახი ალტერნატიულ თავშესაფარში უკვე გადაიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო გარე სამყაროს 159 ოჯახია მოწყვეტილი, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ტელეარხის ცნობით, უხვი ნალექის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყერი სულ 49 ადგილზე განვითარდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, რის გამოც 15 ოჯახი უკვე ალტერნატიულ თავშესაფარში გადაიყვანეს.
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ადგილზე გზებიც დააზიანა, რომელთა ნაწილი ამ დროისათვის მთლიანად ჩაკეტილია. ჩამოწოლილმა მიწის მასამ ასევე ჩახერგა ორი ხიდი.
დატბორილი ეზოები, ჩარეცხილი გზები – დასავლეთი საქართველო უამინდობის შედეგებს ებრძვის
„ქობულეთის მერიის „ცხელ ხაზზე“ 150-მდე შეტყობინება შემოვიდა. მეწყრული პროცესები განვითარებულია 50 სხვადასხვა მიმართულებით და აქედან 11 ლოკაციაზე მიწის მასა ჩამოწოლილია საცხოვრებელ სახლთან“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
მეწყრის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ ქობულეთში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი. ვერულიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი ჩამოწოლილმა მიწის მასამ მთლიანად ჩაიტანა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ოჯახის ყველა წევრი მიწის მასის ჩამოშლამდე უკვე გაყვანილი იყო უსაფრთხო ადგილზე.
აჭარაში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – მეწყერმა ერთი სახლი ჩაიყოლა
ასევე ძლიერი წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში დაიტბორა სამი უბანი. მოვარდნილი წყლის შედეგად დატბორილია აგურქარხნის დასახლება და სამედიცინო ცენტრის ეზო.
ამ დროისათვის სოფელ ქობულეთსა და ხალაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს.