კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფელი კვლავ დაისეტყვა

კახეთში სეტყვამ დაუკრეფავი ყურძნის მოსავალი მთლიანად გაანადგურა, ასევე დაზიანებულია სახურავები
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საგარეჯოს, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყვარელში დაზარალებულია რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. ენისელში, საბუეში, ალმატსა და გრემში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები და ნარგავები დაუზიანდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.
„წინა სტიქიებს რაც გადაურჩა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვენახი დროულად დაკრიფა, თუმცა სამწუხაროდ იყო გამონაკლისებიც. ზოგიერთს ამ დრომდე არ დაუკრეფიათ ყურძენი და მოსავალი მთლიანად განადგურდა. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიც არის დაზიანებული“, - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.
ძლიერი სეტყვის შედეგად 7 სახურავი დაზიანდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაშიც.
ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა
თელავის მუნიციპალიტეტში კი სტიქიის შედეგად დაზარალებულია სოფელ გულგულის, შალაურისა და ვარდისუბნის მოსახლეობა.
ზარალის დამდგენი კომისიები მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებენ.