თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი დაემატა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არტ-კოლექციას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
უნიკალური ხელნაწერის ყდა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ის ვერცხლისგან არის დამზადებული და 20 სახეობის ძვირფასი ქვებით არის მორთული.
პოემის სამუზეუმო ეგზემპლარი თბილისსა და პარიზში 2017–2018 წლებში მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფმა შექმნა. უნიკალური ხელნაწერი გაეროს საჩუქრად ოფიციალურად საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საჩუქარი გაეროს შტაბ-ბინის მეორე სართულზე განთავსდება, ახლოს იმ დარბაზთან, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.
ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე ესწრებოდა.
„მადლობა... ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის... ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო“, – განაცხადა ატულ ხარემ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, თავის მხრივ, ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა საფოსტო მარკა შოთა რუსთაველის გამოსახულებით, რომელიც 2018 წელს პოეტის 850 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.