თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავებული „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.
გამოძიებით დადგინდა, 21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დანით დაჭრა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.
ოპოზიციური მასმედიის ცნობით, დმანისის მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, და მისი თანაპარტიელი, პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და ამ კონფლიქტის დროს ოპოზიციური პარტიის ორი აქტივისტი დაჭრეს.
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის თქმით, მან შვილი სამართალდამცველებს თავად ჩააბარა. ის ასევე განმარტავს, რომ მის დაკავებულ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ინციდენტის პროვოცირებაში კი ის ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.