დატბორილი ეზოები, ჩარეცხილი გზები – დასავლეთი საქართველო უამინდობის შედეგებს ებრძვის

უხვმა ნალექმა ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგებს ებრძვიან. გურიაში კოკისპირული წვიმების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ჩარეცხილია სოფლის გზები, აღნიშნულია რეგიონის Facebook-გვერდზე.
წვიმებმა პრობლემები შექმნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონების რამდენიმე სოფელში.
გურიის გუბერნატორის გიორგი ურუშაძის თქმით, დაზარალებულებს შესაბის დახმარებას გაუწევენ.

„ამ დროისათვის სტიქიის ზონებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს, ზარალის დათვლის დასრულების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მოხდება“, – განაცხადა ურუშაძემ.

უამინდობისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს პირველ რიგში უსაფრთხო ადგილზე გაიყვანენ, შემდეგ კი განხილული იქნება მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. აბაშის მუნიციპალიტეტში გადაუღებელი წვიმების გამო ადიდდა მდინარე ნოღელა და 25 ოჯახი დააზარალა სოფელ ონტოფოში. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და ცენტრალური გზა. რამდენიმე ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდა.
აჭარაში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა – მეწყერმა ერთი სახლი ჩაიყოლა
სოფელში იმყოფებიან აბაშის მერიის მუნიციპალური და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. სპეციალური კომისია უკვე შეუდგა ზარალის დათვლას.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან აჭარაშიც, სადაც ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში მეწყრები ჩამოწვა, დაზიანდა სახლები, გზები და კომუნიკაციები.