არჩევნები 2021

არა ძალადობას არჩევნების წინ: ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიებს ნიუ-იორკიდან მიმართა

ბოლო კვირაში საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი, სადაც ძირითადად ფიგურირებდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და დაელოდეთ 2 ოქტომბრის მშვიდებიან დემოკრატიულ არჩევნებს, ამ სიტყვებით მიმართა არჩევნებში მონაწილე პარტიებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 8 დღე რჩება. უკვე 2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი ცესკოში შეტანილი აქვს 43 პარტიას, აქედან რეგისტრაცია გაიარა 31-მა პარტიამ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა თავის Facebook-გვერდზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ემოციები მატულობს“.
„მინდა მკაფიოდ ვთქვა: ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან. ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნერვების ომი: ევროკავშირის ოფისთან მელია და კობახიძე აქტივისტებმა გააშველეს
ბოლო კვირაში საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი, სადაც ძირითადად ფიგურირებდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ყველაზე სისხლიანი იყო ამ კვირაში დმანისში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ორი მხარდამჭერი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში აღმოჩნდა.
მკვეთრად პოლარიზებულ წინასაარჩევნო კამპანიას აღნიშნავს ყველა დამკვირვებელი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო.