უხვმა ნალექმა აბაშაში პრობლემები შექმნა

ადიდებულმა მდინარემ დამბა გაარღვია და მიმდებარე სახლები დატბორა
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა. ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.
ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა. დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ლანჩხუთში სახლი მეხის დაცემის შედეგად დაიწვა
ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.