თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში მობილიზებული არიან ე.წ. ბოტები და ტროლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დისკრედიტაციას ახორციელებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
პაპუაშვილმა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის კვლევის შედეგები, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში სოციალური ქსელის მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტიკური რესურსები.
„ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც ზიზღის ენის გამოყენებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ანლოგიური კვლევა ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტიკური გვერდების შესახებ ეცნობა Facebook-ის ადმინისტრაციას.
პაპუაშვილის თქმით, როგორც 2020 წელს, ახლაც მთლიანი კვლევა, რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს, გაეგზავნება Facebook-ის ადმინისტრაციას და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
„მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა ხშირ შემთხვევაში შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1,2 ათასზე მეტი არაავთენტიკური აკაუნტი.
„ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტიკური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას ძირითადად სამი მიმართულება აქვს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას; ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია; COVID-19-ის პანდემიის თემით მანიპულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 2 ოქტომბრის არჩევნებში 50-მდე პარტია მონაწილეობს.