COVID-19 - ბოლო ცნობები

ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში – ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო

ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტელემედიცინა უკვე 50 სოფლის ამბულატორიაშია დანერგილი.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო – ტელემედიცინა სოფლის ამბულატორიებში, რომელიც საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებასკენ არის მიმართული, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ახალი პროექტი ევროკავშირისა და გაეროს ოთხი ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ტელემედიცინა უკვე 50 სოფლის სამედიცინო დაწესებულებაშია დანერგილი. მათ შორისაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მუხროვანის ამბულატორია.
ტელემედიცინით აღჭურვილი სოფლის ლაბორატორია ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა საბინ მაკლიმ დაათვალიერეს.
საქართველოში სოფლის ექიმებისთვის ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა
ტიკარაძემ პარტნიორ ორგანიზაციებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ COVID-19-ის შემთხვევების უსაფრთხოდ მართვის თვალსაზრისით ტელემედიცინისა და დისტანციური სამედიცინო სერვისების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტი სამ წელზეა გათვლილი და მისი ღირებულება 4,7 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მთავარი მიზანი COVID-19 პანდემიისა და შემდგომ პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთლეობისა და კეთილდღეობის დაცვაა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლიდან დაიწყო ტელემედიცინისა და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გასაცვლელად.