როგორ ძარცვავდნენ თბილისის კაფე-ბარსა და კლუბში ტურისტებს: თაღლითური სქემა

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისში ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს კვების ობიექტის თანამშრომლების საუბრის აუდიოჩანაწერებსაც ავრცელებს. აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ გეგმავენ ისინი ტურისტების მოტყუებას და ასევე უკვე მომხდარი თაღლითობის ფაქტს განიხილავენ.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით უცხოელ მოქალაქეებთან, ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
კაფე-ბარის მფლობელის ნაცნობ გოგონას ტურისტები ბარში მოტყუებით შეჰყავდა, შემდეგ კი ყველაფერი წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით გრძელდებოდა.

„მიმდინარე წლის სექტემბერში კაფე-ბარ „სკარპაში“ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15000 ლარი“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

როგორ გადაახდევინეს ტურისტს თბილისის ბარში 974 ლარი ჩილიმსა და ერთ ჭიქა სასმელში
ამას გარდა, გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც“.
კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის – 1.450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რომელიც ჩადენილია იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქურდობა) მიმდინარეობს.