თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედის სიტყვები, რომელიც მან შვილს უკანასკნელ გზაზე უთხრა.
როგორც „ფეისბუქის“ მომხმარებელი დარეჯან კვარაცხელია წერს, ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ შვილს მადლობა გადაუხადა იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც მათთან ერთად გაატარა.
„ჩვენ ანასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია საბურთალოს სასაფლაოზე სამშაბათს დაკრძალეს.
ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილი 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, გია კვარაცხელია სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას გეგმავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.