თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტი „იაფი სახლის“ პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც 40 ოჯახს ბინები გადაეცა, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
პროგრამა გათვლილია მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებზე, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ბინა, აქვთ მუდმივი შემოსავალი და შეძლებენ ბინის თვითღირებულების დაფარვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
პროექტის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩაზე ბინები 40 ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადასცა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლელა სურმანიძესთან ერთად.
რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბინას კიდევ 40 ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა იგეგმება ეკომიგრანტებისთვის ბინის შესაძენად სახელმწიფო დახმარების 30 ათას ლარამდე გაზრდა.
„იაფი სახლის“ პროგრამა ძალიან მოკლე დროში განვახორციელეთ. როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წელს ვგეგმავთ გავაძლიეროთ ჩვენი სოციალური პოლიტიკა. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ოთხი ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც 80 ოჯახს გადაეცემა ბინა“, – განაცხადა რიჟვაძემ.
პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მოხდა, ბინების გადანაწილება კი ლოტოტრონის წესით განხორციელდა.
პროგრამის მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 4.667.746 ლარს შეადგენს.