ავტომატები და ასობით ვაზნა – თბილისსა და ლენტეხში სამი პირი დააკავეს

დაკავებული პირებიდან ორი მათგანი წარსულში ნასამართლევია. ბრალდებულებს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქვემო სვანეთსა და თბილისში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, დაკავების ოპერაცია სხვადასხვა დროს განხორციელდა. წარსულში ნასამართლევი 47 წლის მამაკაცი პოლიციამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა.
პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო: დაკავებულია სამი პირი
ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში სამართალდამცველებმა მეორე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, ათი მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება თბილისში დაკავებულ პირს, რომელიც ასევე წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.