არჩევნები 2021

არჩევნები განსხვავებული მოდელით – ცესკო საპილოტო ვერსიას აამოქმედებს

ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო რამდენიმე საარჩევნო უბანზე აპირებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიცადა.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. კრწანისის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემას ამომრჩევლები ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებენ. ამის შესახებ დეტალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი2"-ის ეთერში ისაუბრა.
საპილოტო პროექტის ფარგლებში ელექტრონულად ხმის მიცემას მოქალაქეები ჯამში 31 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურები სტანდარტულია ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი სხვაობა რაც არის, ამომრჩეველი ბიულეტენს საარჩევნო ურნის ნაცვლად ე.წ. სკანირების აპარატში მოათავსებს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, ხმის მიცემის ელექტრონული მეთოდი როგორც გაყალბების პრევენციის, ასევე ხმების სწრაფად დათვლის შესაძლებლობას იძლევა. კრწანისის საარჩევნო ოლქის შედეგები ელექტრონული დათვლის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

„ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენება საარჩევნო უბნებზე, პირველ რიგში, იქნება პრევენცია იმისა, რომ არ მოხდეს სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენის ყუთში მოთავსება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ტექნოლოგიამ, რომლის გამოყენებასაც ცესკო კრწანისის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აპირებს, გამოცდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიარა. მისი მეშვეობით არჩევნები სრულად ან ნაწილობრივ ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა.შ.
ელექტრონული არჩევნების სისტემა კენჭისყრის ახალი სისტემაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გაყალბების თავიდან აცილება, აღნიშნავენ ცესკოში.
არჩევნები ზოგიერთ უბანზე შეიძლება ახალი მოდელით ჩატარდეს
ამ მოდელის მიხედვით, საარჩევნო უბანზე მოხდება ამომრჩევლის ელექტრონული იდენტიფიკაცია, ბიულეტენებზე იქნება სპეციალური შტრიხ-კოდი და მათი შეცვლა შეუძლებელი იქნება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.