საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი რეკორდულად იზრდება

საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 28,7%-ით გაიზარდა და 1.899,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–აგვისტოს პერიოდთან შედარებით, 22,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, იმპორტმა იანვარი–აგვისტოში 6 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 39,9%-ს შეადგენს.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
საქართველო ექსპორტირებულ პროდუქციაზე კონტროლს გაამკაცრებს
2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა ფეროშენადნობის (82,5%), ნატურალური ყურძნის ღვინის (16,3%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (63,9%), თხილის (58%) ექსპორტი. ამავე დროს შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტი (0,1%).
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი (რეექსპორტის გაუთვალისწინებლად) 28,7%-ით გაიზარდა და 1.899,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72,7%-ს შეადგენს.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2021 წლის იანვარი–აგვისტოში გაიზარდა ვაქცინის, სისხლის, იმუნური პროდუქტების იმპორტი (203,4%-ით), საბურღი მანქანების და მათი ბლოკების (114,8%), სატვირთო ავტომობილების (78,9%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (51,3%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (37,6%) იმპორტი.
ამავე დროს საანგარიშო პერიოდში შემცირდა აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (2,8%), ხორბლის (14,9%) იმპორტი.