თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს გვერდითი მოვლენების შიშის, შესაძლო უნაყოფობის, სიკვდილის ან მუტაციური ცვლილებების გამო აცხადებს, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატმა“ გამოაქვეყნა „ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა“. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 31,4% აცრის ჩატარებას არ აპირებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ მოქალაქეების ამგვარი დამოკიდებულება ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის დეფიციტს უკავშირდება.
ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილის თქმით, ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და თეორიები მათი მავნე გავლენის შესახებ მხოლოდ პანდემიის დამარცხებას უშლის ხელს.
კვლევის თანახმად, უარყოფითად განწყობილთა 58,1% ვაქცინაციისგან თავშეკავების მიზეზად შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს, 37,5%-ს უნაყოფობისა და სიკვდილის ეშინია, 36,5% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სწრაფად შეიქმნა, ახალია და არასაკმარისად შესწავლილი, 17,9% ვაქცინების კონკრეტულ ბრენდებს უცხადებს უნდობლობას, 8,5% უარის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს, 7,5%-მა კორონავირუსი გადაიტანა და მიაჩნია, რომ არ უნდა აიცრას, ხოლო 1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.671.295 აცრა.