პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს ეცნობიან

პრეს-ტურის ფარგლებში პოლონელი ჟურნალისტები გაეცნობიან კახეთს, თბილისს, მცხეთასა და იმერეთს.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. წამყვანი პოლონური ინტერნეტ-გამოცემებისა და რადიოსადგურების ჟურნალისტები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ მარშრუტებს ეცნობიან, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული პრეს-ტურის ფარგლებში პოლონელი ჟურნალისტები ეწვევიან ალავერდს, გრემს, ბოდბის მონასტერს, წინანდალს და კახეთის სხვა ღირსშესანიშნაობებს.
მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, იმერეთში – გელათის მონასტერს, პრომეთეს გამოქვაბულს.

„ამჟამად ჩვენ ონლაინ–გამოცემების წარმომადგენლებს ვმასპინძლობთ პოლონეთიდან. ერთ-ერთ ვებ-გვერდს თვეში დაახლოებით 10 მილიონი მნახველი ჰყავს, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე გავშალოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტი და შეთავაზებები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

პოლონელების დელეგაცია ხუთი ჟურნალისტისგან შედგება.
„საქართველოში ტურისტული, კულინარიული და ღვინის პოტენციალის გასაცნობად ჩამოვედით. მე პოლონეთის რადიო „პოდკასტს“ წარმოვადგენ და ასევე ვარ ღვინისა და ტურიზმის კონსულტანტი პოლონეთში, ვმუშობ რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრეს-ტურის მონაწილე ჟურნალისტმა ბარტოშ ვილჩინსკიმ.
ორნითოლოგები მთელი მსოფლიოდან საქართველოში შეიკრიბნენ
პოლონური მასმედიის წარმომადგენლები მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს ქართული ღვინის, კულინარიის, ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში პანდემიამდელ პერიოდში დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა.